მინის ჭადრაკის შეკვეთა ჩემთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული იყო, რადგან ჩემი ცხოვრების 8 წელი ჭადრაკს ჰქონდა დათმობილი.
ბევრჯერ ვიფიქრე მის შექმნაზე თუმცა გადაწყბვეტილების მიღება გამიჭირდა, რადგან ვიცოდი რომ დიდ დროით და შემოქმედებით რესურსს მოითხოვდა. მაგრამ “თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მთა მიდის მუჰამედთან” და ერთ მოსიყვარულე ენთუზიასტ ადამიანს მოჭადრაკე მეუღლისათვის განსაკუთრებული საჩუქრის გაკეთება მოუნდა. მე კი ამით შანსი მომეცა მრავალი წლის გადადებულ საქმეზე მემუშავა.
როგორც ხელოვანს ყოველთვის მომწონდა დეკორატიული ჭადრაკი, სადაც ყველა ფიგურა ხელოვნების ნიმუში იყო, დიდხანს ვაკვირდებოდი მათ მუზეუმებსა და ინტერნეტში, თუმცა როგორც მოჭადრაკე ვერასდროს ვთამაშობდი ასეთი ფიგურებით. ყოველთვის ყურადღებას მიფანტავდა და მხოლოდ კლასიკურ დაფასთან ვგრძნობდი კომფორტულად თავს.
დიზაინის შერჩევისას ზუსტად ეს იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ ფიგურები ყოფილიყო მარტივად ცნობადი და კომფორტული სათამაშოდ, რასაკვირველია მინის მხატვრული ღირებულების შენარჩუნებით, მითუმეტეს რომ მომავალი პატრონი მოჭადრაკეა და ზუსტად ვიცოდი რომ იგი მის არამხოლოდ დეკორატიულად არამედ ფუნქციურად გამოყენებასაც აპირებდა.
საბოლოოდ შევარჩიეთ ასეთი მშვიდი, პასტელური პალიტრა.
დაფის ზომა: 40*40 სმ
დაფა შედგება 4 ნაწილისაგან
ყუთის ზომა: 43,5*23*12,5 სმ
ყველაზე მაღალი ფიგურის სიმაღლე: 8 სმ, სიგანე 3,3 სმ
სრული კომპლექტის წონა დაახლოებით 7 კილო.
ხელმისაწვდომია შესაკვეთად, შესაძლებელია დამზადება სხვა ფერებშიც.
დასამზადებლად საჭიროა 1-1,5 თვე.